კახა კალაძე: ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამისთვის მადლობებიც კი მიგვიღია, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება ბოლომდე
ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამისთვის მადლობებიც კი მიგვიღია, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება ბოლომდე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც აშშ-მა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
„პირველად მოხდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. მსგავსი აქამდე არაფერი ყოფილა. მოვისმინეთ განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ამისთვის იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შეხვედრები როდესაც ყოფილა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მადლობებიც კი მიგვიღია, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება ბოლომდე“, – აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე, გრძნობს თუ არა უხერხულობას ხელისუფლება იმის გამო, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი იყო, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ფარცხალაძე დიდი ხანია, საჯარო სამსახურში აღარ არის.
„ოთარ ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში და მგონი, ცხრა წელი, ზუსტად არ მახსოვს, არ საქმიანობს საჯარო სამსახურში. ის დაკავებულია კერძო, თავისი საქმეებით და ბიზნესებით. ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, – აღნიშნა კალაძემ.
აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.