“ბელარუსმა აფხაზეთი დე ფაქტო აღიარა” – არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ბელარუსმა “აფხაზეთი ეკონომიკურად დე ფაქტო აღიარა”.
ამის შესახებ მან ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრისა და ბიჭვინთის მოსახლეობას შეხვედრაზე თქვა.
არძინბას თქმით, ბელარუსი და “აფხაზეთი ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ” და “ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნებს შორის თავისუფალ საბაჟო ვაჭრობას უზრუნველყოფს”.
“ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვისარგებლებთ ამ შესაძლებლობით”, – თქვა მან.
ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და “აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება”.
კერძოდ, საუბარი იყო “აფხაზეთი – არაბთა გაერთიანებული საამიროების” ბიზნესsაბჭოს იდეის განხორციელებაზე.
დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დავალებით, არძინბა ე.წ რესპუბლიკის რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს მართავს საზოგადოებასთან და რაიონული გამგეობებისა და კრებების წარმომადგენლებთან.
მანამდე მსგავსი შეხვედრები გაიმართა ოჩამჩირის, გულრიფშის, ტყვარჩალისა და სოხუმის რაიონებში.