ბულგარეთის პარლამენტმა 15 სექტემბრიდან უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის მოხსნას დაუჭირა მხარი
ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ 15 სექტემბრიდან უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე აკრძალვის მოხსნას დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ BNT News წერს.
მანამდე, ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კირილ ვატევმა განაცხადა, რომ ამაში ეკონომიკური ლოგიკა არსებობს, რადგან იმპორტის დაშვებას ბულგარეთის ეკონომიკისთვის სერიოზული შედეგები არ მოჰყვება.
ოპოზიციამ პარლამენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას “ღალატი” უწოდა.
„ეს არის წმინდა წყლის ეროვნული ღალატი, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ თავისუფალი ბაზრის მომხრე, არამედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, მარცვლეულის ჩვენი მწარმოებლები ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ ისინი არაკონკურენტუნარიანი იქნებიან“, – თქვა პარტია „აღორძინების“ წარმომადგენელმა, დეიან ნიკოლოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმა.
“ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იღებს ევროპული დემოკრატია გადაწყვეტილებებს ფაქტებზე და არა – ემოციებზე დაფუძნებით და არ ურევს ეკონომიკასა და პოლიტიკას. ჩვენ გულწრფელად მადლობელი ვართ ბულგარეთის მთავრობისა და პარლამენტის”, – განაცხადა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ.