“რუსეთს თურქეთის და აზერბაიჯანის გაბრაზება არ სურს, მან მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისია ჩააგდო” – ფაშინიანი
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისია ჩააგდო.
მისი თქმით, ამ მოვლენას ორი მიზეზი აქვს, ერთი უკრაინაში ომია, რომლის შედეგად რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა, მეორე, კრემლს არ უნდა აზერბაიჯანის და თურქეთის გაბრაზება.
ამის შესახებ ფაშინიანმა POLITICO-სთან ინტერვიუში თქვა.
“2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, მთიან ყარაბაღში უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მწვავე მოვლენები მოხდა: საკონტაქტო ხაზის დარღვევა, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრა. გვქონდა შემთხვევა, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს შესრულების დროს, მოქალაქე, რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით, აზერბაიჯანელმა სნაიპერმა მოკლა. არსებობს დაბრკოლებები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, ბოლოს და ბოლოს, ლაჩინის დერეფნის დახურვა მოხდა და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის გაჩენა. ყველაფერი ეს, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ლოგიკით, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კომპეტენციაში შედის. რამდენადაც ეს პრობლემები წარმოიშვა, დიახ, რუსმა სამშვიდობოებმა მისია ჩააგდეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები რომ არ იყვნენ, მთიანი ყარაბაღის მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა. ანუ, მინდა, სწორად გავიგოთ ეს ნიუანსი და მიმაჩნია, რომ ორივე განცხადება სწორია”, – თქვა სომხეთის პრემიერმა.
კითხვაზე, “თქვენი აზრით, რატომ ჩავარდა რუსეთის სამშვიდობო მისია? ეს გამოწვეულია უუნარობით, უკრაინასთან ომით გატაცებით, თუ ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რათა არ გააბრაზონ აზერბაიჯანი და თურქეთი? რუსეთმა ეს შეგნებულად გააკეთა, თუ უბრალოდ მისია ჩავარდა”, ფაშინიანმა თქვა, რომ “ორივე ფაქტორს აქვს გარკვეული როლი”.
“რადგან უკრაინის მოვლენების შედეგად რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა, მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ მეორე ფაქტორიც, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის. ჩემი შეფასებით, არსებობს როგორც პირველი, ასევე, მეორე ფაქტორი”,- თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.