კოკა კაციტაძე საიას თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა – კოკა კაციტაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ხაზი გაუსვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის განვითარებაში და ამ მხრივ სამსახურის მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს მათთან სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა სამსახურის მიერ უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელებული პროექტები, რომლებიც მიმართული იყო მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების სტანდარტების დასამკვიდრებლად.
მათივე ცნობით, საიას თავმჯდომარემ და პროგრამის დირექტორებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარეს მათი ხედვა საგამოძიებო პროცესის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურობასთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზაობა საგამოძიებო სამსახურთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, უწყების ინსტიტუციური განვითარების პროცესში, მომავალშიც აქტიურად უზრუნველყოფს უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ჩართულობას და მათ აქტიურ მონაწილეობას.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე – ნათია სონღულაშვილი, საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი – შორენა ლოლაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი – თამარ ონიანი ესწრებოდნენ.