“ისე საუბრობთ ამერიკის ბაზების განთავსებაზე, თითქოს, რომელიმე ქვეყნის ნატვრა უნდა იყოს სხვა ქვეყნის ბაზების განთავსება” – გურამ მაჭარაშვილი
“ისე საუბრობთ ამერიკის ბაზების განთავსებაზე, თითქოს, რომელიმე ქვეყნის ნატვრა უნდა იყოს სხვა ქვეყნის ბაზების განთავსება, თუ საუბარია ნატოზე, ეს სხვა რამეა – მოლოდინი დამღლელია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიცია როცა ზღაპრებს ჰყვება, იქვე კითხვები უნდა დაუსვათ. გამოიგონებენ რაღაც ზღაპარს, მერე ამაზე ამბობენ, რომ ხელისუფლება უარს ამბობს და კითხვები უნდა გაჩნდეს ვითომ ამ საკითხებთან დაკავშირებით. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო იყო და არის ნატოსთან თავსებადი ქვეყანა. თუმცა, პოლიტიკურად გადაწყვეტილებები არც იყო მიღებული და როგორც ვხედავთ, სავარაუდოდ, არ იქნება მიღებული, მით უმეტეს უახლოეს პერიოდში. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა – თქვენ ისე ამბობთ, რომ ამერიკის ბაზები განთავსდეს საქართველოში, თითქოს, რომელიმე ქვეყნის ნატვრა უნდა იყოს, რომ სხვა ქვეყნის ბაზები განთავსდეს საქართველოში, თუ საუბარია ნატოს ქოლგაზე, ეს სხვა რამეა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, მაჭარაშვილმა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „როცა გამოცდა ჩაბარებული გაქვს, მაგრამ გეუბნებიან, (ჩაბარებულთა) სიები როდის გამოქვეყნდება, არ ვიცით, ეს არასამართლიანია“.
„დელეგაციებში ერთხელ მეც გახლდით ნატოს შტაბ-ბინაში და იქაც პრინციპულად დავაყენე ეს საკითხები, სხვათა შორის საზოგადოების და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების პასუხები გადავეცი ნატოს ხელმძღვანელობას. როცა საუბარია, რომ სულ მოლოდინის რეჟიმში უნდა იყოს ქვეყანა, ეს ბუნებრივია, დამღლელია. როცა თავსებადობას გიდასტურებენ და გეუბნებიან, რომ მოლოდინის რეჟიმში იყავი და არ ვიცი, უკიდეგანოდ, რომელ დროში იქნება ეს, საზოგადოებაში ბუნებრივია ნიჰილიზმი იყო და არის”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.