ლადო პაპავა: რეფინანსირების განაკვეთის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებას მივესალმები

„მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ერთი შეხედვით მცირე – 0.25%-იანი კლებისა, მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება,“ – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა გლობალურად მოვლენების განუსაზღვრელობა მაღალია, ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა. როცა ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს და სახეზე გვაქვს დეზინფლაცია, დეზინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, როგორც წესი, ამცირებენ.

ახლა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით შემცირდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. თუმცა, შეიძლება, ზოგიერთს მოეჩვენოს, რომ ეს მცირედია. დღეისათვის განუსაზღვრელობა ძალიან მაღალია. არავინ არ იცის გლობალურად პროცესები როგორ წარიმართება, რუსეთ-უკრაინის ომი როდის და როგორ დასრულდება და ასე შემდეგ”, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არის სასიკეთო, მოქმედება მონეტარულ განაკვეთთან დაკავშირებით მაინც უნდა იყოს ფრთხილი.
„მე ამ გადაწყვეტილებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი, მივესალმები. რადგან მკვეთრი კლების შემდეგ თუკი შემდგომში არასასურველი მოვლენები განვითარდა, მკვეთრი მატება უფრო მეტად დააზარალებს როგორც კომერციულ ბანკებს ისე მთლიანად ბიზნესს”, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები