ზელენსკი: შოლცის ზარი პუტინთან პანდორას ყუთია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის ლიდერთან გერმანიის კანცლერის სატელეფონო საუბარს „პანდორას ყუთი“ უწოდა. ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა დაადასტურა, რომ შოლცმა პუტინთან საუბრის განზრახვის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.

„ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, პანდორას ყუთია. ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს დიდი ხანია სურს: მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იზოლაციის შესუსტება. რუსეთის იზოლაცია და ჩვეულებრივი მოლაპარაკებების წარმოება, რომელიც შედეგით არ დასრულდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამ ტიპის ქმედებით {პუტინთან სატელეფონო საუბარი} კრემლის ლიდერმა თავის პოლიტიკაში არაფერი შეცვალა.

„ყველა გამოწვევის გვესმის და ვიცით როგორ მოვიქცეთ. გვსურს ყველა გავაფრთხილოთ – მინსკი 3 არ იქნება. ჩვენ რეალური მშვიდობა გვჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბრის შუადღისას ცნობილი გახდა, რომ ოლაფ შოლცი ბოლო ორი წლის განმავლობაში, კრემლის ხელმძღვანელს პირველად ესაუბრა.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი გერმანიის კანცლერი იყო, რომლისთვისაც მზადება „კვირების განმავლობაში“ G7-ის ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საუბრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ეს არ არის გამოსადეგი მშვიდობის მისაღწევად და მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელს აძლევს იზოლაციის შესუსტების იმედს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები