კახა კალაძე: პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტის თანხებს საყვარლებისთვის, ახლა იკვეთება, რომ ფრენებზეც არის დახარჯული, ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამ ინფორმაციით

არაერთხელ გვსმენია და ვიცოდით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა.

„პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტის თანხებს საყვარლებისთვის, ახლა იკვეთება, რომ ფრენებზეც არის დახარჯული. მე კონკრეტიკა არ ვიცი და გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს. არაერთხელ ითქვა, რომ შვილების სწავლას აფინანსებდა ბიუჯეტიდან, რაც ძალიან ცუდი იყო. რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ალბათ გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხები“, – აცხადებს კახა კალაძე.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways-ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიზიტები ან ისეთი ფრენები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან სააკაშვილისთვის მომსახურებების გაწევას უზრუნველყოფდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები