გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული: სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საერთო ტრაგედია გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი

“8 სექტემბერს გურიის რეგიონში მოსული ძლიერი ნალექის გამო დაზიანებული სოფელ ხორეთის ხიდი აღდგება, გადაწყვეტილება მიღებულია და სოფელს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ახალი ხიდი ექნება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალი ხიდის აშენებამდე მოსახლეობისთვის ადგილზე დროებითი სამანქანო-საფეხმავლო გზა მოეწყობა.

,,გურიის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლისა და ზიანის რაოდენობა. მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია ხიდები, გარემოს მოწყვეტილი იყო მოსახლეობა, თუმცა, ყველასთან მოხდა დაკავშირება. კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამაშველო სამსახურები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ასევე, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მაგრამ სამწუხაროდ რჩება ისეთი მონაკვეთები, სადაც წერტილოვნად გვაქვს შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის სოფელი ხორეთი, სადაც სტიქიამ ფაქტობრივად სრულად გაანადგურა არსებული ხიდი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება და ხიდი აუცილებლად აღდგება. ახალი ხიდი აშენდება, თუმცა, ეს დაკავშირებულია შესაბამის პროცედურებთან. მანამდე კი, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოეწყოს ალტერნატიული, დროებითი სამანქანო-საფეხმავლო გზა. ხორეთის მოსახლეობასთან ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში. მათთან, საჭიროებისამებრ, შედის როგორც საკვები პროდუქტები, ასევე, მედიკამენტები”, -აცხადებს გიორგი ურუშაძე.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომელიც გურიაში მომხდარ სტიქიას ეხება, გიორგი ურუშაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ცდილობს განზრახ შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საერთო ტრაგედია გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ისინი საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავს იმ ადამიანების დისკრედიტაციას, მათი შრომის არაფრად ჩაგდებას, ვინც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე”, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები