გურიაში, სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ ხორეთში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება

სტიქიისგან დაზარალებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, მანამდე, ადგილზე დროებით გზა მოეწყობა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მეწყრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. საუბარია 500-ზე მეტი ოჯახზე.

სოფელში დარჩენილ მოსახლეობასთან მათ გადაყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ამ ეტაპისთვის, ფაქტობრივად, ყველა ცენტრალური გზა გახსნილია, გახსნილია ასევე შიდა სასოფლო გზები, დარჩენილია რამდენიმე ჩიხი. გვაქვს მუნიციპალიტეტში ადგილები, სადაც, გეოლოგების თქმით, ჯერჯერობით, ვერ შევდივართ. ასევე, გეოლოგები აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტში და მუშაობენ ყოველდღიურ რეჟიმში,” – აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უბნების დიდ ნაწილში სამანქანო გზა აღდგენილია.

“ჯამურად, 100 ოჯახზე მეტია გამოყვანილი იმ ტერიტორიებიდან, სადაც შესაძლებელი იყო, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა” – აცხადებს ავთანდილ თალაკვაძე.

რაც შეეხება სალიკვიდაციო სამუშაოებს, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. რჩება წერტილოვანი შეზღუდვები ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით.

სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა ცოცხალ ძალასთან ერთად.

ბოლო მონაცემებით, ამჟამად, შეზღუდული რჩება მანქანით გადაადგილება ჩოჩხათსა და აცანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები