“პოლონეთი არ დაუშვებს, რომ იყოს დატბორილი უკრაინული მარცვლეულით” – მორავეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ, ბრიუსელის გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლონეთი უკრაინული მარცვლეულით დატბორვას ვერ დაუშვებს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და რაფსის თესლის იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვის ვადა 15 სექტემბერს იწურება. პოლონეთი ამ აკრძალვის გაგრძელებას ითხოვს და თუ ეს არ მოხდება, ცალმხრივი ემბარგოს დაწესებით იმუქრება.

“პოლონეთი არ დაუშვებს, იყოს დატბორილი უკრაინული მარცვლეულით. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ბრიუსელის ოფიციალური პირების გადაწყვეტილება, ჩვენს საზღვრებს არ გავხსნით”, – დაწერა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, “როდესაც მეზობლებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ, ჩვენ გავხსენით გულები და სახლები. პოლონელები ასეთები არიან.”

მაგრამ, ”როდესაც საქმე ეხება პოლონეთის ინტერესებისთვის ბრძოლას, მხოლოდ “კანონისა და სამართლიანობის” მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ ჩვენი ფერმერების ინტერესები იქნება დაცული.”

“ჩვენ ვეუბნებით “არა” პოლონეთის სოფლის მეურნეობის ბაზრის შეფერხებას, ასევე, მომხმარებელთა და მწარმოებლებისთვის ზიანის მიყენებას. სწორედ ამ მკაცრმა პოზიციამ შეაჩერა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი ევროკავშირის საერთო ბაზარზე”, – თქვა მორავიეცკიმ.

დღეს პოლონეთის მთავრობა გეგმავს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას 15 სექტემბრის შემდეგ გააგრძელოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა.

უკრაინა ამტკიცებს, რომ ცალმხრივი აკრძალვა დაარღვევს საერთო ბაზრის წესებსა და უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები