პრემიერი: მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა მეორე კვარტალში, ჯამურად, პირველ 6 თვეში 1 მლრდ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცულობა

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა მეორე კვარტალში, ჯამურად, პირველ 6 თვეში 1 მლრდ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად საქართველოში პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან და ძირითადი ინვესტიცია ევროპიდან არის შემოსული.

„შარშან ჩვენ გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. ორ მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა შარშან. წელს მეგობრებო ასევე ძალიან კარგად დავიწყეთ წელი. მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა მეორე კვარტალში. ჯამურად, პირველ ექვს თვეში, იანვარ-ივნისში, 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცულობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვახარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აქ პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად.
ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში. ენდობიან ამ გარემოს, რომელიც შექმნილია, ენდობიან სტაბილურობას, მდგრადობას და ზოგადად, პროგნოზირებადობას და ეს ძალიან სასიხარულოა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს შევახსენო და ყველას, ვინც სკეპტიკოსია – არაფერი არ იქნებოდა, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური ზრდა, პირიქით, ვიქნებოდით მინუს 10 და უფრო მეტ პროცენტში, ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა მინუს 10%-იანი და პირიქით, გადინება მოხდებოდა კაპიტალის, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო აი ეს სამშობლო გაყიდული, არ მოვერიდები ამის თქმას, უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ე.წ პოლიტიკოსები. ეს არის მთავარი სხვაობა. ჩვენ, რა თქმა უნდა ამას შევინარჩუნებთ. კიდევ უფრო მეტი ინტერესია ჩვენი, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს, ეს გაამყარებს ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება ეკონომიკაში.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან. ევროპიდან არის შემოსული ძირითადი ინვესტიცია, ეს როგორც პირველ კვარტალში და ეს ძალიან გვახარებს, რომ შემოდის უცხოური კაპიტალი ქვეყანაში. ეს კიდევ და კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ სტაბილურობაა ქვეყანაში და ისინი ენდობიან ჩვენს მიერ შექმნილ კონკურენტულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელია ბიზნესისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები