გივი მიქანაძემ ისრაელის სახელმწიფოს 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ იერუსალიმში, ისრაელის სახლის ქსელის მიერ ორგანიზებულ ისრაელის სახელმწიფოს 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიკი ზოჰარმა, ინფორმაციის მინისტრმა გალიტ დისტერ-ატბარიანმა, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ბიტანმა, ისრაელის სახლის ქსელის თავმჯდომარემ იციკ მოშემ და სხვა საპატიო სტუმრებმა. თავის გამოსვლაში გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნოვან მეგობრობას, მის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას, ანტისემიტიზმის საქართველოში არარსებობას.
გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჰოლოკოსტისა და ანტისემიტიზმის სწავლების მნიშვნელობასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რაც ამ მიმართულებით მიღებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. მან ყურადღება გაამახვილა სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ისრაელის სახლი პირველად სწორედ საქართველოში გაიხსნა და მისცა ბიძგი ანალოგიური სახლების სხვა ქვეყნებში გახსნას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იმ განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ, რაც ისრაელსა და საქართველოს შორის აკავშირებს და შეფასდა როგორც სამაგალითო.