ორბანი პრემიერად 2034 წლამდე დარჩენას გეგმავს
ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პრემიერმინისტრად 2034 წლამდე დარჩენა გადაწყვიტა.
ამის შესახებ მან სოფელ კოტჩეში გამართულ ტრადიციულ პიკნიკზე განაცხადა, – წერს გაზეთი Telex ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ მანამდე ორბანი თანამდებობაზე დარჩენას 2030 წლამდე გეგმავდა. გეგმების ცვლილება იმით ახსნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში და კორონავირუსის პანდემიამ მთავრობას ოთხი წელი წაართვა.
მან დაამატა, რომ სურს, ნახოს “დიდი, ძლიერი და მდიდარი” უნგრეთი, აპირებს – მიაღწიოს ქვეყნის პატივისცემას მსოფლიოში და ამ მიზნების მისაღწევად თავისი 15-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
მათ შორის არის დემოგრაფიული ზრდა, შრომაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა, მსესხებლიდან გამსესხებელზე გადასვლა, არმიის განვითარება, ციფრული პასპორტის დანერგვა და ა.შ.
ორბანმა აღიარა, რომ მთავრობის პოპულარობა შემცირებულია, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისე ძალიან არა, როგორც “ევროპის სხვა მმართველ პარტიებში”.
პიკნიკი წელს უკვე 22-ედ გაიმართა, რომელზეც პრემიერმინისტრი მთავრობის მიზნებს განსაზღვრავს და არსებულ ვითარებას აფასებს.