“სამწუხაროა, რომ რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის შემდეგ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება შეძლო” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოთქვა სინანული, რომ რუსეთმა მოახერხა პასუხისმგებლობის თავიდან აცილება საქართველოსა და უკრაინის ნაწილების, კერძოდ, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„იყო საქართველო 2008 წელს, იყო ყირიმი 2014 წელს, შემდეგ კი – სრულმასშტაბიანი შემოჭრა 2022 წელს. რუსეთმა შეძლო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და მე ვწუხვარ ამის გამო“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის წარმატებული წინსვლა შეიძლება, იყოს სიგნალი სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, გამოიყენონ სამხედრო ძალა, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები ნატოს მიერ პროვოცირებული არ ყოფილა და რუსეთის მოთხოვნა, რომ ალიანსმა ახალი წევრები არ უნდა მიიღოს – უსამართლოა.

„რუსეთმა გადაწყვიტა მეზობლების კონტროლი და ინტერესთა სფეროების განაწილება და ამბობს, რომ ეს იყო პროვოკაცია, თუ რომელიმე ქვეყანამ გადაწყვეტდა ნატოში გაწევრიანება. ეს არ არის პროვოკაცია, არამედ – თითოეული სახელმწიფოს დემოკრატიული სუვერენული უფლება – აირჩიოს საკუთარი გზა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები