“პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადის.
ამის შესახებ მან ფრანგულ სპორტულ გაზეთ L’Équipe-თან ინტერვიუში თქვა.
„ცხადია, რომ პარიზის თამაშებზე რუსეთის დროშა არ შეიძლება – იყოს, ვფიქრობ, ამაზე კონსენსუსი არსებობს. რუსეთის, როგორც ქვეყნის ადგილი, არ არის იმ დროს, როდესაც ის სჩადის სამხედრო დანაშაულებებს და ასახლებს ბავშვებს“, – თქვა საფრანგეთის ლიდერმა.
გაზაფხულზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს, რომ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა ინდივიდუალურ დისციპლინებში ნეიტრალური სტატუსით.
სპორტსმენებმა ასევე უნდა შეასრულონ გარკვეული პირობები: მათ არ უნდა დაუჭირონ მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ჰქონდეთ კავშირი რუსეთის ან ბელარუსის არმიასთან, ასევე, ორივე ქვეყნის უსაფრთხოების ძალებთან.
„ოლიმპიური სამყაროს გადასაწყვეტი რეალური საკითხია, რა ადგილი დაუთმოს რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი ცხოვრება ემზადებიან შეჯიბრებისთვის, მაგრამ შეიძლება, ამ რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ“, – განუცხადა მაკრონმა L’Équipe-ს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია სპორტსმენების განსხვავება, რომლებიც რეალურად არიან რუსეთის ხელისუფლების ქმედებების თანამონაწილეები და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.
ამ თვალსაზრისით, IOC უნდა მიიღოს სამართლიანი და გასაგები გადაწყვეტილება უკრაინელებისთვის.
“ეს არის ის ბალანსი, რომლის უზრუნველყოფა მოგვიწევს”, – თქვა მაკრონმა.
პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024 წელს 26 ივლისიდან – 11 აგვისტომდე ჩატარდება.