“კონტრშეტევაში კარგ პროგრესს ვხედავთ, ეს ძალიან რთულია” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კიევში მისი ვიზიტი უკრაინისადმი მუდმივ და ძლიერ მხარდაჭერას აჩვენებს და ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს – დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ის, რაც საჭიროა კონტრშეტევაში წარმატების მისაღწევად.

ამის შესახებ მან კოლეგა დმიტრო კულებასთან შეხვედრის დაწყებამდე თქვა.

„ყოველთვის, როცა აქ ვარ, მაოცებს უკრაინელი ხალხის, უკრაინელი ძალების, უკრაინის ხელმძღვანელობის არაჩვეულებრივი გამბედაობა და გამძლეობა“, – თქვა დიპლომატმა.

ბლინკენის თქმით, უკრაინაში უმთავრესად იმისთვის ჩავიდა, რომ გამოეხატა შეერთებული შტატების „მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერა“ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ ვხედავთ კარგ პროგრესს კონტრშეტევაში. ეს ძალიან რთულია. ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება არა მხოლოდ კონტრშეტევაში წარმატების მისაღწევად, არამედ ის, რაც მას სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა დარწმუნდეს, რომ არსებობს ძლიერი შემაკავებელი ძალა, ძლიერი თავდაცვის უნარი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატები მზად არის, გააგრძელოს პარტნიორებთან მუშაობა ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი დემოკრატიის აღსადგენად, “რათა უკრაინა არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ აყვავდეს”.

”და ამაში უკრაინა არის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი. ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა არა მხოლოდ ჩემს კოლეგასთან, არამედ – ჩემს მეგობართან -დიმიტრო კულებასთან სიახლოვე“, – განაცხადა ბლინკენმა.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელოდება ბლინკენთან პროდუქტიულ, შედეგზე ორიენტირებულ საუბარს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები