უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
რუსტემ უმეროვი 2022 წლის 7 სექტემბრიდან უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს (SPF) ხელმძღვანელობდა. მანამდე, 2019 წელს არჩეული იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატად პარტიიდან “ხმა” და ამ ფრაქციის წევრი გახდა.
2020 წლის სექტემბერში უმეროვი შეუერთდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) ყირიმისა და სევასტოპოლის დეოკუპაციის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების ჯგუფს.
უმეროვი არის უკრაინელი პოლიტიკოსი, მეწარმე, ინვესტორი და ქველმოქმედი, უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებებზე, ყირიმელი თათრების დელეგატი.
რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უკვე ყოფილ ხელმძღვანელ ოლექსი რეზნიკოვს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თანამდებობიდან ორი დღის წინ მოხსნა, თუმცა, პროცედურულად, ფორმალურად რეზნიკოვმა გადადგომის შესახებ განცხადებით უმაღლეს რადას მიმართა.
მანამდე კი, რეზნიკოვის მოხსნის შესახებ ხმები არაერთხელ გავრცელებულა მას შემდეგ, რაც მის მიერ მართულ უწყებაში კორუფციასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალი აგორდა. კერძოდ, გაბერილ ფასებში სურსათის შესყიდვის სკანდალის შემდეგ.
მისი გადადგომის შესახებ აგვისტოშიც მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ შეიარაღებული ძალებისთვის ზამთრის ქურთუკები ასევე გაბერილ ფასებსა და არაადეკვატურ ხარისხში იყიდებოდა.
რეზნიკოვმა მაშინ პირობა დადო, რომ თანამდებობას დატოვებს, თუ ჟურნალისტების გამოძიების ფაქტები დადასტურდება.