ირმა ინაშვილი: სოსო, მაგ გველის ენას ამოგაგლეჯ – სოსო მანჯავიძემ “პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა
სოსო მანჯავიძემ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ინფორმაციას პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს. “კვირა” ირმა ინაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონი სოსო მანჯავიძე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი აღარაა. შესაბამისად, ის ჩვენი გუნდის წევრიც აღარაა. ჩემი მხრიდან დავსძენ, რომ მანჯავიძე აღარაა ჩემი მეგობარი და მეტიც, აღარასადროს იქნება ჩემი მეგობარი. ვწუხვარ, მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ მანჯავიძეს მეგობრობა არ სცოდნია და არც ესმის. განვიცდი, რომ ამდენი შრომა, დრო და ენერგია დავხარჯე, რომ ის ცნობად პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებულიყო. ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რომ 3 წელი დამჭირდა იმის აღმოსაჩენად, თუ რაოდენ გამოუწორებელი მატყუარა, უკიდეგანო ინტრიგანი და უზომო მასშტაბის გაიძვერა ყოფილა იგი.
პარტიის პოლიტიკური საბჭო აპირებდა მანჯავიძის გარიცხვას პარტიიდან. ბატონმა მანჯავიძემ ეს გაიგო და განაცხადება შემოიტანა, – პარტიიდან გასვლის შესახებ. თვითონ ოფისში მოსვლა ვერ გაბედა, სხვას გამოატანა, 1 სექტემბერს. დაწერა 29 აგვისტოს, ხოლო თარიღად 25 აგვისტო დაასვა. ახლა რომ გავრიცხოთ პარტიიდან, იტყვის: განცხადება ადრე დავწერე და რაღა სექტემბერში მრიცხავთო. თუმცა, უკვე ვეღარც გავრიცხავთ, რადგან პარტიის წესდების თანახმად, მივიღებთ, თუ არა წევრის განცხადებას,- პარტიიდან გასვლის შესახებ, ეს წევრი უკვე გასულად ითვლება, მაგარამ ამ დეტალებს განა არსებითი მნიშვნელობა აქვს, როცა შენი ცხოვრებიდან ადამიანს ჰკარგავ? აღარც ის მიკვირს, ვახტანგ ხარჩილავას გაზეთში მანჯავიძისა და ბედუკაძის „ნაშრომები“ ერთდროულად რომ ქვეყნდება და ინტერვიუში ( პარტიიდან უკვე გასული) მანჯავიძე რომ წერს,- შეიძლება, გავიდე პარტიიდანო, ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვსო. სოსო, საკრებულოს წევრი რომ გახდი, ახლა გაგიჩნდა „განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები“?! ვინც არ იცის, მინდა ვუთხრა, რომ სოსო მანჯავიძე საკრებულოს წევრი პარტიის სიით გახდა და მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ თარხან-მოურავმა დაუთმო თავისი ადგილი პარტიულ სიაში. მანამდე მანჯავიძე აზრთა სხვადასხვაობას არ უჩიოდა. ახლა კი, უჩივის. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა აქ არაფერ შუაშია. შუაში ისაა, სოსო, რომ 3 წლის მანძილზე მრავალჯერ ამოგათრიეთ არა ერთი წუმპედან, სადაც უცბად აღმოჩნდებოდი და იძირებოდი და , როგორც გამოცდილი მატყუარა, ინტრიგანი და გაიძვერა, ჩვენ გვარწმუნებდი, რომ ეს შემთხვევით მოგივიდა, ეს გაუგებრობააო, ამას მაბრალებენ, პროვოკაციას მიწყობენო. რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ ისაა, რომ ყოველთვის ახერხებდი ჩვენს დარწმუნებას: უდანაშაულო ვარ, კარგი ვარ, დამეხმარეთო, ჩვენც გეხმარებოდით, ღმერთია ამისი მოწმე.
საერთოდ მანჯავიძის საყვარელი თავისმართლებაა ფრაზა- „პროვოკაციას მიწყობენ“. აგერ ცოტა ხნის წინ, ნინო ჯღარკავასთან დადასტურებული უსინდისობა და სისაძაგლე ჩაიდინე, მაგრამ თავხედობა გყოფნის დაწერო,- პროვოკაციაში მოვყევიო. პროვოკაციაში კი არ მოყევი, სულით პროვოკატორი ხარ და შენს თანაგუნდელებზე, პირადად ჩემზე ბინძურ ჭორებსა და ტყუილს ავრცელებდი, მე მეხებოდი, ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდი… ეხებოდი ჩემი ოჯახის წევრებს, თან, თანამოსაუბრეებს არწმუნებდი,- ვწუხვარ და იმიტომ ვლაპარაკობო. მიკვირს, როგორ და სად იბადებიან ისეთი ე.წ. კაცები, რომლებიც დედაკაცებივით ჭიკჭიკებენ და ათას ტყუილს ავრცელებენ… თან, უმწიკვლო და მიამიტური სახით. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი 25-26 ივლისის მერე გახდა ცნობილი… ჯერ ერთი ამბავი, მერე- მეორე… მერე- მესამე… სრულიად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ამ ხნის მანძილზე საკმაოდ მოქნილად და მოხერხებულად ატყუებდი შენს თანაგუნდელებს, ჩირქს სცხებდი მათ, ანუ ჩვენ… და ჭორებს გვივრცელებდი. დაკავებული იყავი ინტრიგებით, რაშიც ბოლოს თვითონ გაიხლართე და, როგორც მასშტაბურ გაიძვერას, ახლაც გსურს აქედან გამოძრომა.
გაზეთში რომ მორიგ გაიძვერობას წერ,- „ ვერც დავამტკიცებ და ვერც უარვყოფო“, ვითომ რატომ წერ? თუ რაიმე იცი, დაამტკიცე, თუ არ იცი, ისიც ღიად თქვი, მაგრამ ესაა შენი სტილი. სამაგიეროდ, მე ვიცი დადასტურებულად, რომ ტყუოდი გობეჩიასთან, ღვანიასთან, აბულაძეებთან, ტყუოდი ყვარელში, რუსთავში, ჭიათურაში და კიდევ სხვაგან და სხვაგან, ინტრიგანობდი და გაიძვერობდი, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს. ვინც დააზარალე, თუ მოისურვებენ, თვითონ იტყვიან.
ახლა გასკდა ეს ყველაფერი, ეს სიბინძურე და ერთი თვეა ემალები ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებსაც სურდათ შენთვის ცხვირ-პირი დაენაყათ, ახლაც იმიტომ აჭიკჭიკდი ხარჩილავას გაზეთში, თავს იზღვევ,- არიქა, არ მცემონო… შენი ერთი უჯრედით გგონია, საკითხს გაასაჯაროებ და გადარჩები. ისე, მცემელი ბევრი გყავს… შენს მიერ მოტყუებული მევალეები, რომელთა ვალებიც (შენს მაგივრად) პატიოსნად გადაგიხადეთ… დაზარალებული ადამიანები, რომლებზეც ახლა არ ვილაპარაკებ. მოკლედ, ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მე მანჯავიძე მოვიკვეთე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგ გველის ენას, სოსო, არ ამოგაგლეჯ.
P.S. ისე, სოსო, პარტია ხომ დატოვე, ახლა ველოდები შენს განცხადებას თბილისის საკრებულოს დატოვების შესახებ, სადაც სწორედ პარტიული სიით ხართ გასული”, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.