სახელმწიფო დეპარტამენტი ჩრდილოეთ კორეას რუსეთთან შეიარაღების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები „აქტიურად მიმდინარეობს“ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„როგორც იცით, გასულ თვეში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა, რათა დაერწმუნებინა ფხენიანი, მიეყიდა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალა და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მოელის, რომ ეს დისკუსიები გაგრძელდება და რუსეთში ლიდერების დონის დიპლომატიური ჩართულობა იქნება.

ჩრდილოეთ კორეას მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს რუსეთთან შეიარაღების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები და დაიცვას საჯარო ვალდებულება, რომელიც ფხენიანმა აიღო, არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, – განაცხადა პატელმა.

The New York Times-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მიმდინარე თვეში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობის საკითხის განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები