NYT: კიმ ჩენ ინი პუტინთან ვიზიტს გეგმავს, რათა რუსეთისთვის მეტი იარაღის მიწოდების საკითხი განიხილოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მიმდინარე თვეში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობის საკითხის განიხილოს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების მიხედვით, კიმ ჩენ ინი ფხენიანიდან, სავარაუდოდ, ჯავშანტექნიკით, რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გაემგზავრება, სადაც პუტინს შეხვდება.

როგორც The New York Times-ი იუწყება, პუტინს სურს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებაზე დათანხმდეს, ხოლო კიმ ჩენ ინს სურს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას თანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის მოწინავე ტექნოლოგიები მიაწოდოს.

„ორივე ლიდერი ეწვევა ვლადივოსტოკში შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 10-დან 13 სექტემბრამდე ჩატარდება“, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები