ჯეიმს აპატურაი ნატო-ს დეკლარაციაში გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში კონფლიქტების ნაწილზე გაკეთებულ ჩანაწერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
აპატურაის განმარტებით, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობებს, რათა მიიღონ მათი სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა.
“ტექსტი შეგნებულად მიანიშნებს “მოქალაქეებზე”: მათი გადაადგილების, ვაჭრობისა და კეთილდღეობის თავისუფალ შესაძლებლობებზე. ის შეგნებულად არ იყენებს ტერმინს “სახელმწიფოები”, იმიტომ, რომ ნატო არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მესამე მხარეს შეუძლია შეწყვიტოს გაფართოების პროცესი კონფლიქტის შექმნით ან გაყინვით. ასპირანტი ქვეყნები შეფასდებიან მათი რეფორმებით, თავიანთი და ნატო-ს მზადყოფნით: ეს ნათელი და მარტივია”, – წერს აპატურაი ფეისბუქში.