„იმპერიალიზმზე არა, კულტურაზე ვსაუბრობდი“ – რომის პაპმა განმარტა, რას გულისხმობდა „რუსეთის სიდიადეზე“ საუბრისას
რომის პაპმა ფრანცისკემ განმარტა 25 აგვისტოს მის მიერ „რუსეთის სიდიადეზე“ წარმოთქმული სიტყვები და აღნიშნა, რომ ის გულისხმობდა კულტურას და არა იმპერიალიზმს.
„ამას რომ ვამბობდი, იმპერიალიზმს არ ვგულისხმობდი, კულტურაზე ვსაუბრობდი და კულტურის გადმოცემა არასოდეს არის იმპერიალისტური“, – აღნიშნა რომის პაპმა.
როგორც Reuters-ი იტყობინება, რომის პაპმა განმარტა, რომ 25 აგვისტოს გამოსვლაში მის მიერ ნათქვამი სიტყვები ექსპრომტი იყო, რომელიც მას სკოლაში რუსეთის ისტორიის სწავლის გამო გაახსენდა.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს რომის პაპმა კათოლიკე ახალგაზრდების რუსულენოვანი შეხვედრის მონაწილეებს ვიდეოს საშუალებით მიმართა: „ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის, დიდი ქვეყნის, მისი ისტორიის, მისი წმინდანების მემკვიდრეები, მისი დიდი კულტურის მოღვაწეები. თქვენ ხართ დიდი რუსეთის მემკვიდრეები, ამიტომ – გმადლობთ, გმადლობთ, რომ თქვენ იცით როგორ იყოთ რუსი. შეინახეთ ეს მემკვიდრეობა, გაუფრთხილდით მას, გმადლობთ“.
გარდა ამისა, პაპმა რუსეთის დიდ მოღვაწეთა შორის პეტრე დიდი და ეკატერინე მეორე მოიხსენია.
რომის პაპის ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ის იმპერიალისტურ პროპაგანდას ავრცელებს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მოხარული იყო რომის პაპისგან ასეთი სიტყვების მოსმენით.