გიორგი ალადაშვილი: კახეთში მოსული უხვი ნალექის დროს, გასროლილია 423 ერთეული რაკეტა, მაქსიმუმი გაკეთდა, რომ ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ ყოფილიყო

კახეთის რეგიონში მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ვენახები დაისეტყვა ახმეტის, თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ასევე, დასეტყვილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და თითოეული მერიის შესაბამისი სამსახურები. ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიების მიერ დაწყებულია ზარალის შესწავლა.

დილიდან მუნიციპალიტეტებში იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მეხუზლა და მუნიციპალიტეტების მერები.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები მევენახე – ფერმერებთან ერთად, ასევე გაეცნენ დასეტყვილ ვენახებში სეტყვის შედეგად შექმნილ ვითარებას.

გიორგი ალადაშვილის თქმით,  კახეთში მოსული უხვი ნალექის დროს, გასროლილია 423 ერთეული რაკეტა, მაქსიმუმი გაკეთდა, რომ ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ ყოფილიყო.

“კახეთის რეგიონს სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, უხვი ნალექის პარალელურად მიმდინარეობდა 10 სეტყვასაშიში კერის დამუშავება და გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, რომ არა სეტყვის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებები ზარალის ოდენობა გაცილებით მასშტაბური იქნებოდა “, – გიორგი ალადაშვილი.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები