ირაკლი კობახიძე: დასავლელი პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში არიან პრეზიდენტის ქმედებების გამო
დასავლელი პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში არიან პრეზიდენტის ქმედებების გამო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პრეზიდენტი როდესაც აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არ აკეთებს არაფერს, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირ ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამით ის უპირისპირდება პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მიღების ინტერესს. რაც შეეხება იმას, რა არის ამის მიზეზი. რა ინტერესი ჰქონდა ოპოზიციას შარშან, როდესაც ის უკავშირებდა რევოლუციურ პროცესებს კანდიდატის სტატუსის არ მიღებას. ამ ადამიანებს შარშან იმედი ჰქონდათ, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭების პირობებში მოახდენდნენ რევოლუციას, რაც ჩაეშალათ. წელს ეს იმედი ნაკლებად აქვთ, მაგრამ რაღაც ხავს ეჭიდებიან. ეს არის რეალური ინტერესი. მათ აქვთ კოორდინაცია, ჰყავთ საერთო პატრონი. პრეზიდენტი აქტიურ ქმედებებზე გადავიდა 2021 წლიდან, რაც საზოგადოებამაც დაინახა. დასავლელი პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში არიან პრეზიდენტის ამ ქმედებების გამო. უცხოელი პარტიორებისთვის მეტწილად ეს არის შიდა საქმე და სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ საქართველოს კონსტიტუციის პირობები და ყველამ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების პატივისცემით“, – განაცხადა კობახიძემ.