პარიზი გმობს გაბონში სახელმწიფო გადატრიალებას და არჩევნების შედეგების პატივისცემას ითხოვს
პარიზი გაბონში სახელმწიფო გადატრიალებას გმობს და არჩევნების შედეგების პატივისცემას ითხოვს.
ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, – იტყობინება Al Jazeera.
მანამდე, საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა თქვა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს გაბონში მიმდინარე მოვლენებს.
28 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაგმო სახელმწიფო გადატრიალების „ეპიდემია“ აფრიკაში, რომლებიც ბოლო წლებში მოხდა, მათ შორის, მალიში, ბურკინა ფასოში, გვინეასა და ნიგერში.
საფრანგეთი ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას თავის ყოფილ კოლონიებში, მათ შორის, გაბონში, სადაც მუდმივ საფუძველზე 370 ფრანგი ჯარისკაცი იმყოფება. მათი ნაწილი დისლოცირებულია დედაქალაქ ლიბრევილში.
გარდა ამისა, ფრანგულმა ნავთობის გიგანტმა – TotalEnergies-მა განაცხადა, რომ მიღებულია ზომები გაბონში მისი თანამშრომლების უსაფრთხოებისა და საქმიანობის უზრუნველსაყოფად. კომპანია არის ნავთობპროდუქტების მთავარი დისტრიბუტორი ქვეყანაში, ემსახურება 45 ბენზინგასამართ სადგურს და ჰყავს 350-ზე მეტი თანამშრომელი.