“საქართველოს ხელმძღვანელობასთან დიალოგისთვის ვართ მზად” – ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ “საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ხანგრძლივი” მშვიდობის დამყარება სურს, მაშინ “ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის”.

ამის შესახებ მან რუსული ტელეარხისთვის “ზვეზდა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა “საქართველო, გაუძლოს დასავლეთის ქვეყნების მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნის შესახებ”, ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ “ამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ზეწოლას გაუძლებს”.

„იქ საქმე ასე მარტივად არ არის. მიმდინარე წლის აპრილში ძალიან მძიმე ვითარება იყო, იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია, მომავალშიც შეძლებენ ამას თუ არა, დარწმუნებით რაიმე დასკვნის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ – როგორც ჩანს, უნდა გაუძლონ“, – განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, “საქართველო ვერ მოიგებს ვერცერთ ომს, ვერც სამხედრო ქმედებებს, ვერცერთი მიზნის მიღწევას ვერ მოახერხებს სამხედრო გზით”.

„დროა, გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ეს არ გვაშინებს, გვსურს, ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში“, – განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, “საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით არსებული რეალობა და ამ ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, არიან ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს შეეგუებიან რეალობას”.

„ეს არის საქართველოში საშინაო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მაგრამ თუ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელებს სურთ უზრუნველყონ ხანგრძლივი მშვიდობა, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის”, – დასძინა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები