“გვამის დამალვას მარტო ვერ შეძლებდა, მას ახლობლები დაეხმარნენ” – გალში მოკლული ნათია ბახტაძის დედა ასლან ბჟანიას მიმართავს

ოკუპირებულ გალში მოკლული, 28 წლის ნათია ბახტაძის დედა ღია წერილს ავრცელებს.

იამზე აგუმაა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, ე.წ. შს მინისტრ რობერტ კიუტს, ე.წ.პარლამენტის დეპუტატ თემურ შერგელიას და ე.წ. ომბუდსმენ ანას ქიშმარიას მიმართავს.

“ჩემი შვილის მკვლელობიდან თვეზე მეტია გასული და ნათიას ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი. არ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი არის იქ, სადაც მას ეძებენ.

მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან. დარწმუნებული ვარ, სწორედ ისინი დაეხმარნენ მას ცხედრის მოშორებაში. გთხოვთ, დააკავოთ და დაკითხოთ მკვლელის – აინარ წვიჟბას ახლობლები, რადგან მან აღიარა, რომ დაურეკა მამას და უთხრა, რომ მკვლელობა ჩაიდინა. აფექტის დროს ის ცხედრის დამალვას მარტო ვერ შეძლებდა, მას ახლობლები დაეხმარნენ დანაშაულის დამალვაში. მათ გადაწყვიტეს გვამის დამალვა და ის სადღაც ტყეში დამარხეს.

გთხოვთ, იპოვოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი”, – წერს იამზე აგუმაა.

28 წლის ნათია ბახტაძე ოჩამჩირის მკვიდრმა – აინარ წვიჟბამ 28 ივლისს მოკლა.

4 აგვისტოს მან ჩადენილი აღიარა და თქვა, რომ ახალგაზრდა ქალი Lexus GX 470-ის სალონში ჯერ გაგუდა და შემდგომ მდინარე ენგურჰესის წყალსაცავში გადააგდო.

ე.წ.სამაშველო სამსახური 4 აგვისტოს შემდეგ ქალის ცხედარს ვერ აგნებს. სამძებრო არეალი გაფართოვდა. გამოითქვა ასევე მოსაზრება, რომ ცხედარი შესაძლოა, ზღვამ წაიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები