გარემოს ეროვნული სააგენტო: ამ ეტაპზე, სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ განვითარებული კლდის მასის ჩამოშლის პროცესების შესწავლა გრძელდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნული კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი.
„აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა შედარებით დიდი მოცულობის გრუნტის მასის ჩამოშლას, თუმცა, ჩამოშლილ მასას უშუალოდ მონასტრის ტერიტორიამდე არ ჩამოუღწევია.
გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გაცემული რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნული კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი”,- განაცხადა გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ, რომელიც გეოლოგების ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.
ასევე, სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა, მოხდეს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ხევის მიმდებარედ გადაადგილების შეზღუდვა ვიზიტორებისა და მომლოცველებისათვის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.