“სუვერენული სახელმწიფოს სახით განვითარების უალტერნატივო გზა აფხაზი ხალხის მიერ არის არჩეული” – ე.წ.საგარეო უწყებაში მედვედევს უპასუხეს
“აფხაზეთის ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა განხილვის საგანი არ არის”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
23 აგვისტოს aif. ru-სთვის დაწერილ სტატიაში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა დასავლეთს მიმართა და თქვა, რომ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების იდეა ისევ პოპულარულია. სრულებითაც შესაძლებელია, რომ ის იყოს რეალიზებული, თუ ამის მკაფიო მიზეზები გამოჩნდება”.
ე.წ. საგარეო უწყებაში გაიხსენეს, რომ “აფხაზეთი რუსეთის საიმედო მოკავშირეა და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები რეგულირდება ვრცელი საკონტრაქტო და სამართლებრივი ჩარჩოებით”.
„აფხაზეთის რესპუბლიკა აფასებს რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებს ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტური საფუძვლების გადახედვის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. სუვერენული სახელმწიფოს სახით განვითარების უალტერნატივო გზა არჩეულია აფხაზი ხალხის მიერ და დაცულია ძირითადი კანონით – აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ “საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა იმყოფება მნიშვნელოვანი დაძაბულობის მდგომარეობაში შეინიშნება სიტუაციის მნიშვნელოვანი გამწვავება რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის. ასეთ პირობებში, მედიაში გავრცელებულ ბევრ განცხადებას აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მძაფრი გეოპოლიტიკური ბრძოლის შედეგად განიხილავს”.