ავსტრიის ყოფილ კანცლერს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემაში წაუყენეს
ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს საპარლამენტო კომისიისთვის, რომელიც მთავრობაში კორუფციას იძიებს, ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ავსტრიის იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კურცს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ხელისუფლება იძიებს კურცის განცხადებებს სახელმწიფო კომპანია OeBAG-ის ხელმძღვანელობის დანიშვნასთან დაკავშირებით.
ყოფილი კანცლერი მის მიმართ ბრალდებებს უარყოფს.
„ბრალდებები მცდარია და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, როდის გაირკვევა სიმართლე და როდის დადასტურდება სასამართლოში ამ ბრალდებების უსაფუძვლობა“, – დაწერა კურცმა “ტვიტერში”.
პროკურორებმა კურცის განცხადებების გამოძიება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც ის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.
გამოძიება არის ავსტრიაში მასშტაბური კორუფციული სკანდალის ნაწილი, რომელიც ვიდეოს გაჟონვის შემდეგ დაიწყო, სადაც ნაჩვენებია ულტრამემარჯვენეთა ყოფილი ლიდერი, ჰაინც-კრისტიან შტრახე, რომელიც განიხილავს პარტიის დაფინანსებას ესპანეთის კურორტ იბიცაზე.
ივნისში კურცი გახდა კორუფციული ბრალდებების ახალი ტალღის სამიზნე, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს, საჯარო სახსრების მანიპულირებასთან.