“საქართველო ცდილობს დაბლოკოს აფხაზეთის დიალოგი საერთაშორისო პარტნიორებთან” – არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ “საქართველო, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ცდილობს დაბლოკოს აფხაზეთის დიალოგი საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მსოფლიო ასპარეზზე ამ სურათს ხატავს”.
“ჩვენ მათ ვპასუხობთ – ჩვენ დავიბადეთ თავისუფლები და ვიქნებით თავისუფლები. ჩვენი ათასწლიანი სახელმწიფოებრიობა გაგრძელდება”, – აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.
მან თქვა, რომ “აფხაზეთი აქტიურად ავითარებს დიალოგს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან” – ბელარუსთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, სირიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან.
არძინბამ გაიხსენა, რომ 2008 წლის 8 აგვისტო არის დღე, რომელიც სამუდამოდ სამარცხვინო დარჩება “თავად საქართველოს ისტორიაშიც”.
“ზუსტად 15 წლის წინ, აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილმა ივარაუდა, რომ მას შეეძლო რუსეთის დამარცხება. 15 წლის შემდეგ ის სამშობლოში ციხეში აღმოჩნდა, თანაც ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს, რუსოფობიის კიდევ ერთი მსხვერპლი, ზელენსკი, რუსეთს დაუპირისპირდა,” – თქვა მან.
რუსეთის მიერ “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებით”, არძინბა ე.წ. რესპუბლიკის რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
ამის მთავარი მიზანია საუბარი მუშაობის შედეგებზე, საერთაშორისო დღის წესრიგზე, აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების აქტუალურ ასპექტებზე და “საქართველოს მზარდ ამბიციებზე”.
არძინბას თქმით, “შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მექანიზმების განხილვას, რომლებსაც შეუძლიათ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი ხარისხის უზრუნველყოფა”.