Reuters: აშშ-მა დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის F-16-ის გადაცემას დაუჭირა მხარი
შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი მფრინავების წვრთნების დასრულების შემდეგ, დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების F-16-ის გადაცემას დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიასა და ნიდერლანდებში კოლეგებს წერილები დაუგზავნა და დაარწმუნა, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
„ვწერ, რომ გამოვხატო შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა უკრაინაში F-16 გამანადგურებლების გადაცემაზე და უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16-ის კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ“, – ნათქვამია ბლინკენის წერილში.
მან აღნიშნა, რომ კრიტიკულად აუცილებელია უკრაინისთვის რუსული აგრესიისგან თავდაცვის საშუალებების მიწოდება.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნების დამტკიცება უკრაინას საშუალებას მისცემს „სრულიად ისარგებლოს ახალი შესაძლებლობებით, როგორც კი პილოტების პირველი ჯგუფი სწავლებას დაასრულებს“.