შვეიცარია უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს

შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ უკრაინასა და საქართველოში მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტების არაღიარების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, შვეიცარია არ გასცემს შენგენის ვიზას და არ დაუშვებს შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთას რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტით უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ჩვეულებრივი და დიპლომატიური პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები და მეზღვაურის პირადობის მოწმობები არ იქნება აღიარებული“, – ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.

უკრაინის რეგიონებისთვის საბუთების არაღიარების თარიღები რეგიონზე იქნება დამოკიდებული. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში კი თარიღად 2008 წლის 26 აგვისტო განისაზღვრა – ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება.

„მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზები შეიძლება გაიცეს ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების გამო“, – დასძინა შვეიცარიის ხელისუფლებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები