ზელენსკი: რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ჩვენს პორტებს – ეს არის დარტყმა გლობალურ სასურსათო ფასებზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის პორტებზე თავდასხმა განახორციელეს.
როგორც მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მსოფლიოში არცერთ სხვა ტერორისტს, რუსეთის გარდა, არასოდეს დაუმიზნებია ამდენი ერის უსაფრთხოებისთვის ერთდროულად ასე ღიად და მიზანმიმართულად.
„წუხელ რუსმა ტერორისტებმა კვლავ დაარტყეს ჩვენს პორტებს. ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩართულია არა ჩვენი, არამედ საერთო – გლობალური – სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სულ რაღაც ერთ თვეში, რაც რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა, ეს იყო რუსეთის მეშვიდე მასიური თავდასხმა. რენის, იზმაილის, პივდენის, ოდესის, ჩორნომორსკის პორტებსა და მიკოლაივზე – მათზე ყოველი რუსული თავდასხმა არის დარტყმა გლობალურ სასურსათო ფასებზე, დარტყმა სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე აფრიკასა და აზიაში. ძირითადი რამ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ნორმალურ ცხოვრებას, ეს არის საკვები. მსოფლიოში არცერთ სხვა ტერორისტს, რუსეთის გარდა, არასოდეს დაუმიზნებია ამდენი ერის უსაფრთხოებისთვის ერთდროულად ასე ღიად და მიზანმიმართულად.
ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამას. ყველა ჩვენთაგანი! ამას უნდა დავუპირისპირდეთ – აქტიურად, ერთობლივი ძალისხმევით! ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამას. ყველა ჩვენთაგანი! ამას უნდა დავუპირისპირდეთ – აქტიურად, ერთობლივი ძალისხმევით!
მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და სახელმწიფოს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას ჩვენი ქვეყნის დაცვაში და, შესაბამისად, მსოფლიოში ყველას საერთო უსაფრთხოების დაცვაში. საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის, იარაღი ჩვენი მეომრებისთვის, სანქციები, ფინანსური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე ახლა არის მთავარი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მშვიდობის დაბრუნებას არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.