გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივის სიმპოზიუმს დაესწრო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივის სიმპოზიუმს (GFEI Fuel Economy Accelerator Symposium) დაესწრო.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სიმპოზიუმი მიზნად ისახავს ქვეყნებისთვის საავტომობილო საწვავის ეკონომიის მიმართულებით ეფექტური პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას. შეხვედრა საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. თეიმურაზ მურღულიამ შეხვედრის მონაწილეებს საწვავის ეკონომიის თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობა, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და გამოცდილება გააცნო.
მისი თქმით, აღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილეობა საქართველოს საშუალებას მისცემს, საწვავის ეკონომიის გაუმჯობესების მიმართულებით გაიზიაროს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს, ამ მიმართულებით სამომავლო პოლიტიკის შემუშავებას. საქართველო საწვავის ეკონომიის გლობალურ ინიციატივასთან (GFEI) 2011 წლიდან თანამშრომლობს. საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივა (GFEI) სხვადასხვა ორგანიზაციების პარტნიორობას წარმოადგენს, რომლებიც საავტომობილო საწვავის ეკონომიის, ეროვნულ და საერთაშოირისო დონეზე სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის და ჰაერის დაბინძურების შემცირების სფეროებში თანამშრომლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები