ზურაბ აზარაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იესპერ მოლერმა მწუხარება გამოთქვა შოვშვი მომხდარი ტრაგედიის გამო და ზურაბ აზარაშვილს სამძიმარი გამოუცხადა. მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ზურაბ აზარაშვილმა იესპერ მოლერს სამინისტროს საქმიანობა გააცნო და დეტალურად ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელსაც უწყება ბავშვთა ჯანმრთელობისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვს საქართველოსთან ერთად, ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში მკურნალობა უფინანსდებათ. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.