ანჯეი დუდა: ლეხ კაჩინსკი საქართველოსა და უკრაინის ჩათვლით, ნატოს გაფართოების მომხრე იყო, მაშინ მას არ მოუსმინეს და დასცინეს, ისტორიამ დაამტკიცა, რომ ის მართალი იყო

ლეხ კაჩინსკიმ თავისუფალ სამყაროს ერთიანობისა და რუსეთის იმპერიული მცდელობის წინააღმდეგ დაპირისპირების თხოვნით მიმართა, მაშინ მას არ მოუსმინეს, სასტიკად დასცინოდნენ, მაგრამ ის მართალი იყო და ეს ისტორიამ დაამტკიცა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პოლონეთის არმიის დღეს მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს.

„ზუსტად სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.

პოლონეთის რესპუბლიკის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, მაშინ თბილისის ცენტრიდან თავისუფალ სამყაროს ერთიანობისა და რუსეთის იმპერიული მცდელობის წინააღმდეგ დაპირისპირების თხოვნით მიმართა. და მან გააფრთხილა: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მერე იქნებ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროა!“. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები.

პროფესორი ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, იყო ნატოს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე, რომელიც მოიცავს საქართველოსა და უკრაინას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს, თავს დაესხნენ, სასტიკად დასცინოდნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ. მაგრამ ის მართალი იყო. ეს ისტორიამ დაამტკიცა. და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები