ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორი: ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა და სანაცვლოდ ნატოს წევრობის მიღება
ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორი, სტიან იენსენი მიიჩნევს, რომ უკრაინამ შესაძლოა ნატოში გაწევრიანება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს შეიძლება იყოს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი.
ამის შესახებ ნორვეგიული გაზეთი Verdens Gang-ი (VG) იუწყება.
„ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატოს წევრობის მიღება, – აღნიშნა იენსენმა.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მუდმივად ამბობდა, რომ უკრაინის გადასაწყვეტი უნდა იყოს რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დრო და პირობები ოკუპაციის დასრულების მიზნით.
ახლა კი სტოლტენბერგის უახლოესი თანამშრომელი ნატოში აცხადებს, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი იქნება უკრაინის უსაფრთხოების მდგომარეობა ომის დასრულების შემდეგ.
როგორც იენსენმა დასძინა, რუსეთს სირთულეები აქვს სამხედრო თვალსაზრისით და არარეალურია, რომ მათ შეძლონ ახალი ტერიტორიების დაპყრობა. მისი თქმით, ახლა უფრო საკითხავია, რის უკან დაბრუნებას მოახერხებს უკრაინა.