“აფხაზეთს საქართველოსთან ომის არიდება ყველანაირად სურდა, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ დარჩა” – შამბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ “აფხაზეთს საქართველოსთან ომის არიდება ყველანაირად სურდა”, მაგრამ ისეთი გარემოება შეიქმნა, რომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩა.
ამის შესახებ მან რადიო Sputnik-თან ინტერვიუში თქვა.
„ომის წინა დღეს აფხაზეთის პარლამენტმა მიმართა ქართულ მხარეს და შესთავაზა ახალი თანაბარი ურთიერთობების დამყარება შეცვლილი რეალობის პირობებში. ეს მიმართვა მთავრდებოდა სიტყვებით „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გაშლილი ხელი ჰაერში ჩამოკიდებული არ დარჩება”. ამის საპასუხოდ ჩვენთან ტანკები გამოაგზავნეს”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ მხარეს მეტი იარაღი და ხალხი ჰყავდა”, ომში გამარჯვებას ვერ შეძლებდნენ.
„ჩვენ მშვენივრად ვიცოდით, რომ ტაშკენტის ხელშეკრულებით საქართველომ მიიღო იარაღი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიდან. ეს იყო დიდი საწყობები, რომლებიც თბილისში მდებარეობდა. ეს ყველას კარგად გვესმოდა. მაგრამ იარაღის რაოდენობა და ხარისხი ყოველთვის არ არის ომის შედეგის განმსაზღვრელი, აქ მთავარია მოტივაცია. ვიცოდით, რომ უკან დასახევი არსად გვქონდა, რომ სამშობლოს ვიცავდით. მათ ჰქონდათ აბსტრაქტული იდეები საქართველოს მთლიანობის დასაცავად, ბევრი მოვიდა აქ არა საბრძოლველად, არამედ ქურდობისთვის. დარწმუნებული ვიყავით, რომ არავითარ შემთხვევაში არ წავაგებდით“, – აღნიშნა მან.