ლვოვი, ლუცკი, დნიპრო – ოკუპანტებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა, გვიან ღამით, უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს, რომლის სამიზნე იყო მათ შორის, ლვოვი, ლუცკი, დნიპრო და სხვა ქალაქები.
უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ სულ გამოყენებული იყო 28 საჰაერო და საზღვაო რაკეტა, მათგან 16-ის ჩამოგდება მოხერხდა. კერძოდ, 20 ფრთოსანი რაკეტა Kh-101/Kh-555 11 სტრატეგიული თვითმფრინავიდან იყო გაშვებული, ოთხი რაკეტა – X-22 შორი მანძილის 6 თვითმფრინავიდან, ხოლო ოთხი „კალიბრი“ – შავი ზღვის ფრეგატიდან.
ლვოვში რაკეტების ფრაგმენტები მოხვდა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს, ერთ-ერთი მათგანი საბავშვო ბაღის ეზოში ჩამოვარდა, თუმცა მსხვერპლი არ არის, მაგრამ შენობა დაინგრა.
ლუცკში რაკეტები მოხვდა სამრეწველო საწარმოს. ვოლინის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური პოგულაიკომ განაცხადა, რომ იქ სამი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია.
დნიპროში რაკეტები ასევე სამრეწველო საწარმოს მოხვდა, დაშავდა 59 წლის ქალი და 70 წლის მამაკაცი. გაჩნდა ხანძარი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი ლისაკმა განაცხადა, რომ დაზიანდა სპორტული ცენტრი.
სარაკეტო იერიშს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ეს არის შეხსენება ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ მეტი სანქციებია საჭირო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაჩერებლად. თუ რაკეტები დაფრინავენ, მაშინ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. თუ უკრაინელები კვდებიან, მაშინ რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული”.