სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სკოლა“ დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სკოლა“ დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მეოთხე სეზონზე პროექტში მონაწილეობა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების 20-მა სტუდენტმა მიიღო.

კურსის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატება უსურვა. პროექტის მონაწილეებს 2 კვირის განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს პირველ პირებთან. სტუდენტებს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა გააცნეს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, კორუფციული დანაშაულის პრევენციის მეთოდები, ასევე უსაფრთხოების სხვა არაერთი მნიშვნელოვანი თემა და მათთან მიმართებით ქვეყნის პოლიტიკა. გარდა ამისა, სკოლის მონაწილეებმა გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსი, ისწავლეს საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირება და თავის დაცვა. უსაფრთხოების სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია, მისი იდეა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა. სკოლაში მოსახვედრად ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები შესარჩევ კონკურსს გადიან.
სხვადასხვა სეზონზე უსაფრთხოების სკოლაში ასამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, იუსტიციის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უსაფრთხოების სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მეოთხედ უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები