მსჯავრდებულებმა წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის ეზო მოაწესრიგეს
კახეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, ყვარელსა და დედოფლისწყაროში დასუფთავების აქციები მოეწყო.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირობით მსჯავრდებულებმა და პრობაციის ოფიცრებმა ყვარელში წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის ეზო მოაწესრიგეს და სასწავლო დაწესებულების ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაწმინდეს.
დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებმა პირობით მსჯავრდებულებმა კი, პრობაციის ოფიცრებთან ერთად, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან გამხმარი ბალახი გაიტანეს და ხეები მორწყეს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, დასუფთავების და გამწვანების აქციები სისტემატიურად ტარდება, რაც პრობაციონერებს რესოციალიზაციაში ეხმარება.