“აფხაზებთან ერთად სამართლიანობის დასაცავად იდგნენ რუსები, ქართველები, სომხები” – ბჟანიამ მოსახლეობას მიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსახლეობას აფხაზეთის ომის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით მიმართა.

ტექსტში ნათქვამია, რომ „წარმოუდგენელი ძალისხმევისა და მსხვერპლის ფასად, აფხაზეთის ხალხმა დაიცვა თავისი არსებობის უფლება და აგრესორი გააქცია”.

როგორც მან აღნიშნა, “მიუხედავად ამ მოვლენების ტრაგედიისა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ მაშინ მწიფდებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ფუნდამენტი დაედო რაღაცას, რამაც ათწლეულების მანძილზე განსაზღვრა აფხაზი ხალხის ისტორიული ბედი“.

ბჟანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “აფხაზებთან ერთად სამართლიანობის დასაცავად იდგნენ “მრავალეროვნული ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები: რუსები, სომხები, ბერძნები, ქართველები და სხვები. დახმარების მოწოდებას გამოეხმაურნენ ჩვენი ძმები ჩრდილოეთ კავკასიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეები, მოხალისეები რუსეთის სამხრეთიდან, დნესტრისპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან”.

“მარადიული ხსოვნა გმირებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს გამარჯვების ბრწყინვალე დღემდე, ქედს ვიხრით ვეტერანებისა და გამარჯვებული ხალხის წინაშე“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ და “აფხაზეთს მშვიდობა და კეთილდღეობა” უსურვა.

ზუსტად 31 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო.

ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის 13 თვეს გაგრძელდა.

კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა; დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე ადამიანი; გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი პირი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები