ნანა კაკაბაძე: ჩინეთს არა მხოლოდ მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, არამედ სხვადასხვა მიზეზების გამო მასზე ზეგავლენაც გააჩნია – როდესაც ჩინეთი აცხადებს, რომ მის ინტერესებს ემთხვევა დამოუკიდებელი, ერთიანი და სტაბილური საქართველოს არსებობა, არის თუ არა ლოგიკური, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით საქართველომ ჩინეთზეც გააკეთოს აქცენტი?

“ბოლო დღეებში ყურადღება მიიქცია ქართული პოლიტიკის „ამომავალი ვარსკვლავის“ გრიგოლ გეგელიას უდიდესმა „აღმოჩენამ“; საქართველოს დაუძინებელი მტერი მარტო რუსეთი კი არა, ჩინეთიც ყოფილა თურმე”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.

მისი განცხადებით, ბოლო 32 წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შედეგი ვერ ზოგიერთი “კეთილისმსურველი” პარტნიორისგან კი უკვე ისმის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოსთვის მხოლოდ წინაღობაა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ნანა კაკაბაძის თქმით, ამ ვითარებაში, ლოგიკურია, რომ საქართველომ ისეთ ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშეზეც გააკეთოს აქცენტი, როგორიც ჩინეთია, ვინაიდან ამ სახელმწიფოს არამხოლოდ პარტნიორული ურთიერთობა გააჩნია რუსეთთან, არამედ მასზე გავლენის მოხდენაც შეუძლია.

„ჩინეთი – საქართველოს კიდევ ერთი „დაუძინებელი მტერი“? ბოლო დღეებში ყურადღება მიიქცია ქართული პოლიტიკის „ამომავალი ვარსკვლავის“ გრიგოლ გეგელიას უდიდესმა „აღმოჩენამ“; საქართველოს დაუძინებელი მტერი მარტო რუსეთი კი არა, ჩინეთიც ყოფილა თურმე. მამაცი ვარსკვლავბიჭუნა არ შეუშინდა მტრებისგან მომდინარე სასიკვდილო საფრთხეს და უშიშრად განაცხადა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი არამარტო რუსეთის მსახური, არამედ ჩინეთის ლობისტია. ღარიბაშვილი ღიად აქებს და მხარს უჭერს ისეთ ჩინურ ინიციატივებსა და ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩინეთი დასავლეთის საპირწონე ალტერნატიული „ჩინური მსოფლიოს“ შესაქმნელად იყენებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი სახელმწიფოს ტრადიციულ საგარეო და უსაფრთხოების კურსს. ამავე დროს, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მიზნებს… ღარიბაშვილის ინტერესია დიდძალი ფულის გამომუშავება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე და მათ საწინააღმდეგოდ. სწორედ ამის ნაწილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ხელისუფლება აშკარად ჩინეთს ჩაუგდებს ხელში. ეს იქნება უდიდესი დარტყმა არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისთვის… ამიტომ დღეს ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება, საქართველოზე პრო-ქართული კონტროლის აღსადგენად და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად“. „ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა“ იყო ის მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც სიტყვით თუ საქმით ცდილობდა საქართველოს ყველა ხელისუფლება ბოლო 32 წლის განმავლობაში. ამ მცდელობებმა შედეგად ქვეყნის 20%-ზე მეტი ტერიტორიის დაკარგვა მოგვიტანა. სამაგიეროდ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები (ამერიკა-ევროპა) 32 წლის მანძილზე მუდმივად გაიძახიან, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მიუხედავად ამისა, ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა ამ ხნის მანძილზე, ერთხელაც არ გამოკვეთილა, მეტიც, ერთი დევნილიც კი არ დაბრუნებულა ლეგალურად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასობაში საუკუნის 1/3 გავიდა და ქვეყანაზე მოფიქრალი ნებისმიერი ხელისუფლება ამდენი უშედეგო ფორმატებისა და პარტნიორების ფონზე დაიწყებდა სხვა გზის ძებნასაც. გეგელიასნაირი გაყიდული, ქარაფშუტა “გენიოსები” ისევ ისე პრიმიტიულად აზროვნებენ და იმედოვნებენ, რომ რუსეთის მტრები რუსეთს დაამარცხებენ, დაშლიან და ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს შემოგვიერთებენო. თვე თვეს მიჰყვება, წელი წელს და 32 წლის მანძილზე იმავე წრეზე, იმის დარეგულირებაც კი ვერ მოხერხდა, რომ საოკუპაციო ხაზიდან ჩვენი მოქალაქეების გატაცება და ციხეებში ჩასმა მაინც არ ხდებოდეს, არაფერს ვამბობთ სადემარკაციო ხაზის გავლების უწყვეტ პროცესზე. წესად იქცა, მაღალი თუ დაბალი დონის დელეგაციების პოზირება, სურათების სისტემატური გადაღება მავთულხლართებთან (რამაც კომიკური და სამარცხვინო სახე მიიღო). იმავე ადგილზე იმართება ქართველი შარვალჩახდილების „მრისხანე“ პროტესტები, რომლებიც რუსეთს ვერაფერს აკლებს, მაგრამ საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების უძალობას კი ცხადად წარმოაჩენენ. აქა-იქ უკვე გაისმის ზოგიერთი “კეთილისმსურველ” პარტნიორთა პოზიციები, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის მხოლოდ ტვირთი და წინაღობაა ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, იქნებ ჯობდეს, ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა და მათ გარეშე უფრო ადვილად შეხვალთ ნატო-ევროკავშირშიო. აშშ-სგან განსხვავებით, ჩინეთს არა მხოლოდ მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, არამედ სხვადასხვა მიზეზების გამო მასზე ზეგავლენაც გააჩნიათ. სი ძინ პინის მინიშნებაც („მიუხედავად პოლიტიკური ვითარების ცვალებადობისა, საქართველო უსაფრთხო შუა დერეფანი იქნებაო“), ალბათ რაღაცას უნდა ნიშნავდეს. გეგელიასნაირ „პოლიტიკურ ვარსკვლავებს“ არ ესმით, რომ აშშ-ს, ევროპის და რუსეთის პარალელურად ჩინეთი მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბირთვული სახელმწიფოა, რომელთან სტრატეგიული პარტნიორობა ბევრ რამეს ცვლის ჩვენს რეგიონშიც. მიმდინარე ცვლილებების გამოყენების პერსპექტივის სწორად დანახვას კი სჭირდება ალღო და პოლიტიკოსობა. როდესაც ასეთი ზესახელმწიფო აცხადებს, რომ ჩინეთის ინტერესებს ემთხვევა დამოუკიდებელი, ერთიანი და სტაბილური საქართველოს არსებობა, ამავდროულად მას აქვს რუსეთზე დიდი ზეგავლენა და ბევრ საკითხში კარნახობს კიდეც მას პოლიტიკურ ნაბიჯებს, როდესაც ეს ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე შენს ტერიტორიულ მთლიანობას უსიტყვოდ აღიარებს, ისე, რომ ცხოვრების წესის შეცვლასაც არ მოითხოვს შენგან, არის თუ არა ლოგიკური, თუნდაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის მიმართულებით საქართველომ სწორედ ჩინეთზე (ც) გააკეთოს აქცენტი? თუ ვარსკვლავბიჭუნა გეგელიასავით როყიო განცხადებები უნდა აკეთოს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დასავლეთისა და ჩინეთის კონკურენციის პირობებში ეს იმ დასავლეთსაც გამოაფხიზლებს საქართველოსთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოს გაერთიანებაზე კი არ (ან ვერ) მუშაობენ, არამედ პრაქტიკულად ცდილობენ, დე-ფაქტო დაკარგული ტერიტორიების დე-იურედ დაკარგულად აღიარების სიკეთეები დაგვანახვონ და ოკუპირებული ტერიტორიების სახით არსებული ეს „ტვირთი“ მოგვაცილონ. ასე რომ, ანტიჩინური კამპანიის წამომწყებები ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში მხოლოდ ის შიდა ძალები არიან, რომლებისთვისაც პრიორიტეტი საქართველოს გაერთიანება ან ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კი არ არის, არამედ საქართველოში ვითომ ლიბერალ-დემოკრატიული (სინამდვილეში ლიბერალ-ფაშისტური) დასავლური ძალების გაბატონება და ამ ძალების საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნებაა.“ – წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები