შორენა შავერდაშვილი: იმსახურებს ქეთი დუმბაძე ლიტერატურული წრეებიდან ასეთ დახვედრას? – სწორედ ეს არის ტოტალიტარული აზროვნება და კოლექტივიზმის უსაშინლესი გამოვლინება, როცა გვავიწყდება ადამიანი

ნუთუ ქეთის არ აქვს მწერლებსა თუ საგამომცემლო საქმეზე იმდენი ამაგი, რომ ასეთი კოლექტიური სიძულვილის კამპანია არ გაგვეჩაღებინა მის წინააღმდეგ? სწორედ ეს არის ტოტალიტარული აზროვნება და კოლექტივიზმის უსაშინლესი გამოვლინება, როცა გვავიწყდება ადამიანი! – ამის შესახებ ჟურნალისტი და „მედიააკადემიის“ ხელმძღვანელი, შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნის საკითხს.

როგორც შავერდაშვილი აღნიშნავს, ქეთევან დუმბაძეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროექტების გადასარჩენად მედიატორის როლი არაერთხელ შეუსრულებია.

მისივე თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია პროექტი „ცოცხალი წიგნები“, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა და მწერალი და მკითხველი ერთმანეთს შეახვედრა.

„ნატაშა ლომოური მადლობის მეტს არაფერს იმსახურებს! ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა, რომ ის თავის საქმეს სიყვარულით აკეთებდა, სიყვარულით და თავდადებით!

დიდი მადლობა მას გაწეული შრომისთვის და იმ სივრცის შექმნისთვის, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის სასურველი და ძვირფასი გახდა. მის მიღწევებს ისტორიაც შემოინახავს!

მაგრამ იმსახურებს კი ქეთი დუმბაძე, ადამიანურად, იმ დახვედრას ლიტერატურული წრეებიდან, როგორც დახვდნენ? ნუთუ ქეთის არა აქვს მწერლებსა თუ საგამომცემლო საქმეზე იმდენი ამაგი, რომ ასეთი კოლექტიური სიძულვილის კამპანია არ გაგვეჩაღებინა მის წინააღმდეგ? სწორედ ეს არის ტოტალიტარული აზროვნება და კოლექტივიზმის უსაშინლესი გამოვლინება, როცა გვავიწყდება ადამიანი! ვინმემ ერთი წუთით მაინც იფიქრეთ თუ მის ამაგზე არა, ადამიანზე? ვერაფერი გაგახსენდათ ქეთის მიმართაც სამადლობელი? ჯერ მარტო, რაც მე ვიცი, არაერთხელ შეუსრულებია მედიატორის როლი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროექტების გადასარჩენად. კონკრეტულ მწერლებზე აღარაფერს ვამბობ, ვის სოციალურ მდგომარეობასაც განიცდიდა და ცდილობდა, მათზე ეზრუნა, როგორც შეეძლო. ცალკე აღნიშვნის ღირსია პროექტი „ცოცხალი წიგნები“, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა და ერთმანეთს შეახვედრა მწერალი და მკითხველი.

და ქეთი დუმბაძე რომ „ცენზორის როლში“ ვერ და არ შევა, მგონი ეს მისმა ყველაზე ხმალამოღებულმა კრიტიკოსებმაც იცით! „ინტელიგენციის ოჯახის შვილები“ რომ ცალკე ჩასარეცხები ყოფილან, ეს კიდევ სულ სხვა სიმაღლეა!

არადა, ქეთი ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო სკოლაში და 53-ე სკოლის ტატულას ლამის გასამხედროებული მმართველობის დროს, გვასწავლიდა თავისუფლებას, მეგობრობას და კალთაზე ჰყავდა გამოკრული ჩვენი კლასის ყველაზე „რთულად აღსაზრდელი“ ბიჭები.

არ გვინდა, რომ მწერალთა სახლი, ინსტიტუციურად, კულტურის სამინისტროს ექვემდებარებოდეს და ფიქრობთ, რომ შესაცვლელია როგორც დირექტორის არჩევის წესი, ისე მართვის სტრუქტურა, რომ მწერალთა სახლი უფრო დამოუკიდებელი და ხელისუფლებისგან დისტანცირებული გახდეს? კონფრონტაციით, ლანძღვითა და კოლექტიური წერილებით მივაღწევთ ამ მიზანს? მართლა მაინტერესებს! დარწმუნებული ვარ, ქეთი ამ თემისთვისაც გააჩენდა სადისკუსიო სივრცეს მწერალთა სახლში.

მესმის, რომ ნატაშას გული წყდება, რომ არ ეძლევა საყვარელი საქმის გაგრძელების შესაძლებლობა, და ვერც სამინისტროსგან მიიღო სათანადო გაცილება, მაგრამ ქეთისაც რომ მივცეთ შანსი, არ შეიძლება? შანსსაც არ იმსახურებს, თქვენი აზრით?“, – წერს შორენა შავერდაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, ქეთევან დუმბაძე საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები