ეროვნული გალერეა ბადრი ლომსიანიძის რეტროსპექტულ გამოფენას პირველად მასპინძლობს

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ბადრი ლომსიანიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრო და მხატვარს გამოფენის გახსნა პირადად მიულოცა.
„აღსანიშნავია, რომ ბადრი ლომსიანიძე ქუთაისის სახვითი ხელოვნების სკოლისა და სანქტ-პეტერბურგის ა. შტიგლიცის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის სახელმწიფო აკადემიის დამთავრების შემდეგ ესპანეთში მოღვაწეობს და მისი პერსონალური გამოფენა საქართველოში პირველად იმართება.
ბადრი ლომსიანიძე მულტიდისციპლინური არტისტია, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისშივე ირჩევს ქსოვილს, როგორც მედიუმს. ქსოვილის მოქნილობა და ელასტიკურობა მხატვარს საკუთარ ტილოებსა და ინსტალაციებთან ორგანულად ინტეგრირების საშუალებას აძლევს. შედეგად – ნამუშევრები იძენს შინაარსობრივად საინტერესო სხეულებრივ სიმკვრივეს. მეორე მხრივ, ტექსტილის სახასიათო გამომსახველობა თითქოს განაპირობებს მხატვრის შემოქმედების ალეგორიულობას. ბადრი ლომსიანიძის ნამუშევრებში ხელშესახებია ერთგვარი ბალანსი ექსპრესიონიზმსა და კლასიკური ფორმების დახვეწილობას შორის. და მაინც, უპირველესი მხატვრისთვის ვიზუალური და სენსორული სიამოვნებაა: გამჭვირვალობა, რბილ ფერთა პალიტრა და ქსოვილთა მეტყველება. არაერთგვაროვანი რესურსების გამოყენება მის შემოქმედებას ანიჭებს ინდივიდუალურ, განსხვავებულ ხასიათს, გამორჩეულს თავისი მრავალმხრივობითა და ტექნიკით.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში, კერძოდ: ოკლაჰომის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (აშშ), ნიუ-ჯერსის ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (აშშ), AC-ის ფონდში, სალამანკის მუზეუმში (ესპანეთი), ბუენოს აირესის გრავიურის ეროვნულ მუზეუმში (არგენტინა), მადრიდის თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალურ მუზეუმში (ესპანეთი), მადრიდის საზოგადოებაში, მაკკინსის კოლექციაში, კრისტის კოლექციაში (ლონდონი), სპრინგერის გამომცემლობაში (გერმანია).
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში ბადრი ლომსიანიძის პერსონალური გამოფენის ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს 2023 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით ექნება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები