დღეს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის – გია ყანჩელის დაბადების დღეა

დღეს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, დაბადების დღეა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს გია ყანჩელის ხსოვნას და უდიდეს ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში.
„გია ყანჩელი ქართველ ხელოვანთა იმ პლეადას განეკუთვნება, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს და საქართველოს შორს გაუთქვეს სახელი, როგორც უაღრესად საინტერესო, თვითმყოფადი ხელოვნებისა და მდიდარი მუსიკალური ტრადიციების მქონე ქვეყანას.
გია ყანჩელის შემოქმედება მოიცავს სიმფონიურ, კამერულ-ინსტრუმენტულ, საოპერო, საესტრადო სიმღერის ჟანრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გია ყანჩელის შემოქმედებითი ურთიერთობა რეჟისორ რობერტ სტურუასთან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც შეიქმნა მუსიკა ცნობილი დრამატული სპექტაკლებისათვის: „სეჩუანელი კეთილი კაცი“, „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“ და სხვა.
საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა გია ყანჩელის მუსიკამ კინოფილმებისათვის: „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“, „მიმინო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ცხოვრება დონ-კიხოტისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და სხვა.
გია ყანჩელი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1973წ.), საქართველოს სახალხო არტისტი (1980წ.), რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1981წ.); მიღებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი (1995წ.), რ. ვოლფის პრემია ხელოვნებაში (ისრაელი, 2008წ.).
ყანჩელის მუსიკა დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მეტიც, თანამედროვე საზოგადოებაში – ხელოვანთა თუ ხელოვნების მოყვარულთა ფართო წრეში – ახალ ელფერს იძენს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები