გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციის ნაწილს რეკომენდაციების შესასრულებლად პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია – კანდიდატის სტატუსის გაჭიანურება დიდწილად მათ სინდისზეა
ოპოზიციის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს არ ასრულებს, გვაფიქრებინებს, რომ ეს თემა შემოდგომაზე, ოქტომბერში სტატუსის გადაწყვეტილების ვადის მოახლოებასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იქნება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია რეკომენდაციების შესასრულებლად, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე და დიდწილად მათ სინდისზეა კანდიდატის სტატუსის ასე გაჭიანურება.
„ოპოზიციის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს არ ასრულებს, გვაფიქრებინებს, რომ ეს თემა შემოდგომაზე, ოქტომბერში სტატუსის გადაწყვეტილების ვადის მოახლოებასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იქნება. ისე ოპოზიციის ნაწილს რა აქვს სალაპარაკო, როდესაც პრაქტიკულად არაფერი არ გაუკეთებია ამ რეკომენდაციების შესასრულებლად თუნდაც საკანონმდებლო დონეზე. ამ თემაზე სპეკულაციებიც უხვად იქნება და მანიპულაციებიც. სამწუხაროდ, ქართულ ოპოზიციას ზნეს და წეს-ჩვეულებებს ახლა ვეღარაფერი შეუცვლის, დიდწილად მათ სინდისზეა კანდიდატის სტატუსის ასე გაჭიანურება და პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ქცევა, ბრიუსელის აპარტამენტებში ქვეყნის „ბეზღება“, რაც თავად ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ იქნა აღიარებული (აქ პირველ რიგში ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძის გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენელთა ბრიუსელში ვიზიტების ხასიათზე). მაინც რას უნდა ველოდოთ ევროკავშირიდან?
ჩემი შეფასებით და ანალიზით ორი ვარიანტია ყველაზე უფრო მოსალოდნელი.
პირველი შედარებით ოპტიმისტური სცენარია, კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, შეიძლება გარკვეული წინაპირობებით, რომ გაგრძელდება სასამართლოს რეფორმირება, დააკვირდებიან არჩევნების შედეგებს და ა.შ. ეს ვერსია ემყარება არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის შეფასებას, ევროპაში ხედავენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ გაურკვევლობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამ ომის უახლოეს პერიოდში დასრულების მოლოდინები. შესაბამისად, სტატუს მოგვანიჭებენ არა იმიტომაც, რომ ყველა, თორმეტივე რეკომენდაცია ბოლომდე შესრულდა, არამედ მომავლის პერსპექტივაზე. კანდიდატის სტატუსზე უარი, გაზრდის არა მხოლოდ ისედაც გაზრდილ ევროსკეპტიკოსთა რიცხვს ქვეყანაში, არამედ რუსეთის გავლენებს რეგიონში. ამ სცენარს უფრო დასაშვებად მივიჩნევ, 60-70 %-იანი ალბათობით. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ შესასრულებელი 12 პუნქტიდან ნაწილი აბსურდული იყო, მაგალითად პოლარიზაციის შემცირებას რა კავშირი ჰქონდა სტატუსთან ცოტა არ იყოს გაუგებარია.
ამ არგუმენტს ამყარებს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული – მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში, სადაც მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს „ადამიანის უფლებათა დაცვის მყარი ბაზა“, მათ შორის ევროსტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა და პოლიტიკა. მართალია, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ როდესაც ევროკავშირმა 2022 წლის მარტში საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც შესრულდება საქართველოს შესახებ ევროკომისიის დასკვნაში წამოყენებული პრიორიტეტები კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პირველი ჩანაწერის პოზიტიურ არსს დიდად არ ცვლის და ისედაც ნაგულისხმევი უნდა ყოფილიყო.
გარდა ამისა, მეტად პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს საერთაშორისო სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ივნისის ბოლოს თბილისში ვიზიტისას გაკეთებული შეფასებები, სადაც ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის გამოძახილია საბანკო და საფინანსო სექტორში შემოღებული რეგულაციები და ახლახან საქართველოს მხრიდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის აკრძალვაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვიზიტამდე ბატონი ო,ბრაიანის შეფასება საქართველოზე გამოცემა „პოლიტიკოში“, ოპოზიციური მედიის მხრიდან ინტერპრეტირებული იყო თითქოსდა საქართველო განიხილებოდა „შავ ხვრელად“ და ერთი ამბავი იყო ატეხილი ქვეყნის მოსალოდნელ დასანქცირებაზე. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, უკრაინაში მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ევროკავშირში, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან ენერგომატარებლებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნა, რასაც ემატება შავ ზღვაზე ევროპის ქვეყნებისკენ გამავალი ელექტრო კაბელის პერსპექტივა, რაც საერთაშორისო გლობალურ პროექტადაც უნდა მივიჩნიოთ.
მეორე, ნაკლებად პოზიტიური, უფრო კი ნეგატიური სცენარია თუ ევროკავშირი არ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს და ამას რეფორმების გაძლიერების ამოცანად და არჩევნებთან ბმაში განიხილავს, ანუ კვლავ გადაგვივადებს. ამ სცენარის ალბათობას 30-40 %-ით ვაფასებ. ამ სცენარში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ ალბათ საფრანგეთთან ერთად წავლენ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა, და ამ ყველაფერს დავარქვათ ევროსკეპტიციზმი გეოგრაფიულ ფაქტორზე, მაკრონის ცნობილი გამონათქვამის ინტერპრეტირებით. ამ სცენარსაც აქვს დაშვების უფლება და იგი გამოხატავს ევროკავშირის ცალკეული წრეების თვალსაზრისს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. აქ ამ ქვეყნების ცალკეულ ევროდეპუტატებსაც ვგულისხმობ და მაღალი თანამდებობის პირებსაც. სამწუხაროდ, ამ სცენარში აქტიურად იქნება ჩართული ქართული ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მხარდაჭერილი ოპოზიციური მედია პლატფორმით. თუ ამ პოზიციამ გადაწონა სხვა დანარჩენი არგუმენტი იგი მაინც გათვლილი იქნება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაზე. ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება და ოპოზიცია უკვე შემოდგომისას მაქსიმალურად ეცდება ეს ახალი კოზირი ისევ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს. საერთაშორისო ზეწოლასთან ერთად, სახალხო მღელვარების აგორებით დაიწყება სტუდენტთა და ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები, უკვე ნაცნობი და არაერთხელ გაჟღერებული სცენარით – ხელისუფლების უპირობო გადადგომის და არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის დანიშვნის მოთხოვნებით, გაზავებული სხვა არგუმენტებთან, მათ შორის ცესკოს და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში არც თუ მცირე შანსია დესტაბილიზაცია უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. ფაქტობრივად, ეს არის ხელისუფლების გარედან შეცვლის სცენარი შიდა რენეგატების აქტიური ჩართულობით.
დღეს, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაც არის ქვეყნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მეტ-ნაკლები რყევებით მშვიდობიანად მიყვანა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ მეორე სცენარის თავიდან ასარიდებლად. დარჩენილ პერიოდში მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ვექტორი, ყველა დიპლომატიური არხის გამოყენებით, ამასთან, მინიმუმამდე უნდა დავიდეს ანტიდასავლური დისკურსი, დასავლეთის ინტერესებთან კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიებით, რადგან დასავლეთთან დაპირისპირების ნებისმიერ ინსცენირებას მეორე სცენარის მომხრეები გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ,
საქართველოს აქვს ისტორიული შანსი ეს გამოწვევაც გადალახოს და თუ რუსეთ-უკრაინის ომის შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივებსაც გავითვალისწინებთ, ამ გლობალურ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს.
ახლა არჩევანი ქართველ ხალხზეა, სწორედ ხალხია ხელისუფლების ყველაზე დიდი დამკვეთი და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის არჩევანი სოლომონ დოდაშვილიდან დღემდე არ შეცვლილა!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.